უკრაინასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია არ არის თეთრი და შავი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, – ამის შესახებ Axel Springer-თან ინტერვიუში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„დონალდ ტრამპი იყო მართალი, როდესაც მოგვიწოდებდა ყველას ევროპაში, მეტი დაგვეხარჯა თავდაცვაზე“, – განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ ტრამპმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ჯერ კიდევ ომამდე გაუგზავნა, როდესაც სხვები ამას არ აკეთებდნენ.
მედიასაშუალების ცნობით, პოლონეთი დიპლომატიურ კამპანიას იწყებს, რათა დაარწმუნოს ტრამპი, რა საშიშროებას წარმოადგენს ვლადიმირ პუტინი. პოლონეთისთვის რუსეთის წარმატება უკრაინაში და NATO-სადმი აშშ-ის ვალდებულებების შესუსტება ეგზისტენციალური საფრთხის შემცველია. Ამიტომაც ვარშავა ცდილობს ლობირებას და ტრამპის მოხიბვლას მის თეთრ სახლში პოტენციურ დაბრუნებამდე.
ტრამპი იმუქრება, რომ არ დაიცავს ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე. თავად პოლონეთი თავდაცვაზე მშპ-ის ოთხ პროცენტს ხარჯავს, რაც NATO-ს მიზნობრივ მაჩვენებლებზე ორჯერ მეტია. როგორც Politico აღნიშნავს, არის იმის ადრეული ნიშნები, რომ პოლონეთის ძალისხმევა, შეიძლება, ტრამპს „ჭკუაში დაუჯდეს“. მიმდინარე თვის დასაწყისში, ნიუ იორკში პრეზიდენტ დუდასთან შეხვედრის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის გადარჩენა და სიძლიერე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის და რომ ის მხარს უჭერს პოლონეთს.
რადოსლავ სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპს არ გამოუთქვამს პროტესტი უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რაც აჩვენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ იცვლება.
„მე არ მომისმენია რამე პროტესტი. ასე რომ, ვიმედოვნებ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტრამპმა დაინახა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე წინააღმდეგობა არ არის პოპულარული აშშ-ში, რომ ეს აზარალებს მის შანსებს“, – განაცხადა სიკორსკიმ.