უკრაინაში დასავლურ იარაღზე თავდასხმებს გავაძლიერებთ, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„ჩვენ ლოგისტიკურ ცენტრებსა და დასავლური იარაღის შესანახ ბაზებზე თავდასხმების ინტენსივობას გავზრდით“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
შოიგუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთმა დასავლური იარაღის უპირატესობის შესახებ არსებული მითები დაამსხვრია.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან არსებული საფრთხეების პროპორციულად, ჩვენ შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და სტრუქტურის გაუმჯობესებას და ყველაზე პოპულარული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.