პოლონეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის იმ 15 მოქალაქის გაძევების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყანაში წესრიგის დამყარებისკენ, - წერს Wiadomosci.

ქვეყნიდან უკრაინის 15 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლებამ მათ დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიიღო. „პოლონეთი უცხოელებისთვის მეგობრული და ღია ქვეყანაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი, არ არსებობს და არასდროს იქნება თანხმობა მათ მიერ კანონის დარღვევაზე“- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა კაროლინა გალეცკამ.

გაძევებული უკრაინელები  სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ გასამართლებულნი, მათ შორის ნარკოტიკების შენახვისთვის, ქურდობისთვის, ძარცვისთვის, დოკუმენტების გაყალბებისთვის და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის. ერთ-ერთი მათგანი პოლონეთში არასასურველი პირების სიაში შევიდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურები გადამჭრელ ზომებს მიიღებენ ჩვენი კანონის და წესრიგის ნებისმიერ დარღვევაზე“, - დასძინა გალეცკამ.

Wiadomosci -ის ცნობით, წლის დასაწყისიდან პოლონეთმა უკვე გააძევა 1100 უცხოელი.