18 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული ქვეყნების ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე იმსჯელებენ. გამოცემა Politico-ს სტატიის თანახმად, ევროპა აშშ-ს მხრიდან არნახულ ზეწოლას განიცდის. თეთრი სახლი ცდილობს გავლენა იქონიოს ევროპის პოლიტიკაზე და სულ უფრო მეტი ლიდერი, ბრიუსელის მოსაზრებებს ეწინააღმდეგება.

ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გადაცემის წინააღმდეგია და ამიტომ აშშ ევროპულ მთავრობებს გეგმაზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

გაყინული აქტივების საკითხზე ბრიუსელში ევროპის ლიდერები ოქტომბერში შეხვდნენ. მაშინ შეთანხმება ვერ შედგა ბელგიის გამო, რომელიც გეგმას არ დაეთანხმა.

ბრიუსელის თანხმობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსული აქტივების დიდი ნაწილი ბელგიაშია.

როგორც Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი აქტიურად ცდილობს ბელგია დაითანხმოს, შეთანხმების შანსი კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე აქამდე იყო.

ამერიკული გავლენის კამპანიამ, რომლის ფარგლებში ტრამპის მაღალჩინოსნები ბრიუსელის გვერდის ავლით, კულისებს მიღმა აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, შედეგი გამოიღო - აქტივების გადაცემის წინააღმდეგები არიან იტალია, ბულგარეთი, მალტა და ჩეხეთი. გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის აზრით, შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში ევროკავშირი "მრავალი წლით მიიღებს ზიანს".

ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის, მანფრედ ვებერის თქმით, "აშშ აღარ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი".

მედიაში გაჟონილი, კრემლისა და თეთრი სახლის მიერ შეთანხმებული სამშვიდობო გეგმის მიხედვით, ვაშინგტონი გაყინული აქტივების ნაწილის გამოყენებას უკრაინაში რეკონსტრუქციული სამუშაოების ჩატარების მიზნით აპირებს, ამ სამუშაოებს კი აშშ უხელმძღვანელებს. 

ევროპის ლიდერების გეგმის მიხედვით, უკრაინა "რეპარაციულ სესხს" მიიღებს. "რეპარაციული სესხი" უპრეცედენტო იდეაა, რომლის მიხედვით, კიევს გადაეცემა 140 მილიარდი ევროს ღირებულების, რუსული აქტივებით უზრუნველყოფილი სესხი.უკრაინისთვის "რეპარაციული სესხი" ბიუჯეტში გაჩენილი დიდი ხვრელის დაფარვის საუკეთესო საშუალებაა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაგმატული კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, "სულ ერთია, რა გზით მიიღებს თანხას უკრაინა", თუმცა მიაჩნია, რომ "რუსეთმა მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს".