Politico-ს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია მადუროს ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესისგან, რომელიც ახლა ვენესუელის დროებითი ლიდერია, პროამერიკული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს - ნაბიჯების, რომლებზეც თავად მადურო უარს აცხადებდა - თუ მას სურს, რომ თავისი წინამორბედის ბედი არ გაიზიაროს.
როგორც საკითხზე ინფორმირებულმა პირებმა Politico-ს განუცხადეს, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა დელსი როდრიგესს უთხრეს, რომ მათ, სულ მცირე, სამი ნაბიჯის გადადგმის ხილვა სურთ: ნარკოტრეფიკინგის ნაკადების შეზღუდვა; ქვეყნიდან ირანელი, კუბელი ან სხვა ქვეყნების აგენტებისა და აშშ-ს მტრული ქსელების განდევნა; და აშშ-ს მოწინააღმდეგეებისთვის ნავთობის მიყიდვის შეჩერება.
ამასთანავე, ორი წყაროს თქმით, აშშ-ს მაღალჩინოსნები როდრიგესისგან მოელიან, რომ გარკვეულ ეტაპზე იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და გადადგება. თუმცა, გამოცემის წყაროების ცნობით, მოთხოვნების შესასრულებლად ვადა მოქნილია, ხოლო არჩევნები მყისიერად მოსალოდნელი არ არის.




