აშშ-ის კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც ე.წ. "აგენტების კანონს" მხარი დაუჭირეს,– იტყობინება Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
დოკუმენტი, რომელსაც Politico გაეცნო, საქართველოს მმართველ პარტიას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" სამწუხაროდ, მზარდად არის დაკავებული რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკის შეთანხმებით".
"დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ თბილისი ღიად თავს ესხმის აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან. დემოკრატიის დაცვისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ფარგლებში, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც არსებითი პასუხისმგებლობა გააჩნიათ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან საქართველოს უსაფრთხოების დარღვევასა და ძირის გამოთხრაში. კანონპროექტი მოიცავს სავიზო სანქციებს იმ პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების წევრების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღებაში". - იუწყება გამოცემა.
სანქციები ასევე შეეხება სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების ჩახშობას.
Politico წერს, რომ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი კონგრესს კანონპროექტს ორშაბათს წარუდგენს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინოს ანგარიში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის აქტივების შესახებ საქართველოში.