უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებს ნიადაგს კონტრშეტევისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა იზრდება.
"ეს რთული პროცესია, ერთი დღის, გარკვეული თარიღის ან გარკვეული საათის საკითხი არ არის. ეს დეოკუპაციის უწყვეტი პროცესია. ზოგიერთი პროცესი უკვე მიმდინარეობს. მაგალითად, მომარაგების ხაზების განადგურება ან საწყობების აფეთქება ზურგში. ინტენსივობა იზრდება, მაგრამ ეს მოითხოვს საკმაოდ ხანგრძლივ დროს", - განაცხადა პოდოლიაკმა The Guardian -თან ინტერვიუში.
პოდოლიაკის პროგნოზით, კონტრშეტევის ტემპის მომატებასთან ერთად, უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში ცოტა ხნის წინ განხორციელებული თავდასხმების მსგავს კიდევ უფრო მეტ ოპერაციას ჩაატარებენ.