უნგრეთის არჩეულმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა ქვეყნის პრეზიდენტთან, ტამაშ შუიოკთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით მის თხოვნას არ გაითვალისწინებს, ახალი მთავრობა მიიღებს ზომებს, რათა ის და "ორბანის სხვა მარიონეტები" თანამდებობიდან გადააყენონ. 

"მე მას ვთხოვე, რომ შეინარჩუნოს ის, რაც უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპისგან და დემოკრატიისგან შემორჩა და თავისი ნებით დატოვოს პრეზიდენტის ოფისი მას შემდეგ, რაც მოხდება მთავრობის შეცვლა, პარლამენტი მე პრემიერმინისტრად დამამტკიცებს და Tisza-ს მთავრობა ჩამოყალიბდება." - განაცხადა მადიარმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"მას ჩვენი არგუმენტების გათვალისწინება ვთხოვე. ვუთხარი, რომ თუ ოფისს ნებაყოფლობით არ დატოვებს, ჩვენ ამომრჩევლებისგან მინიჭებულ უფლებამოსილებას გამოვიყენებთ და კანონმდებლობას შევცვლით საჭირო შესწორებებით და მას და ორბანის რეჟიმის მიერ დანიშნულ ყველა მარიონეტს თანამდებობიდან გადავაყენებთ, იქნება ეს გენერალური პროკურორი თუ კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე." - დაამატა მან.

მადიარის თქმით, მის წინადადებებზე პრეზიდენტმა "ორაზროვანი" პასუხი გასცა და თქვა, რომ გადადგომაზე იფიქრებდა". 

"საბოლოოდ ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება სწრაფად ეროვნული ასამბლეის საინაუგურაციო სესიის მოწვევა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაა, ვინაიდან ახლა ენერგეტიკული კრიზისში ვიმყოფებით." - თქვა უნგრეთის არჩეულმა პრემიერმა.