ამერიკულმა კომპანია Global Military Products-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან უკრაინისთვის Gepard-ის თვითმავალი საზენიტო სისტემის შესყიდვისთვის 118 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო.
აშშ Gepard-ებს იორდანიის არმიისგან შეისყიდის.
"Global Military Products Inc, ტამპა, ფლორიდა, მიენიჭა 118 375 740 აშშ დოლარის ფიქსირებული ფასის კონტრაქტი Gepard-ის 35მმ-იანი მიწა-ჰაერი საზენიტო სისტემების შეძენასა და მიწოდებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოები ამანში, იორდანიაში შესრულდება, რომლის დასრულების თარიღიც 2024 წლის 30 მაისია.
უკრაინა გერმანულ საზენიტო სისტემას წარმატებით იყენებს სხვადასხვა ტიპის დრონების წინააღმდეგ.
შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს უკრაინის დახმარების ახალი, 300 მილიონი დოლარის პაკეტი გამოაცხადა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და საბრძოლო მასალას, განსაკუთრებით მცირე ზომის იარაღს.