მაშინ, როდესაც ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს მეტად, ვიდრე ოდესმე. საქართველო ევროპაა და იმსახურებს არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას, რომლებიც საქართველოში გასულ კვირას ჩატარდა!" , - წერს პავილიონისი.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.

პარალელურად, "რესპუბლიკურმა პარტიამ" დასავლეთ ვირჯინიის და ოჰაიოს შტატებიდან მოპოვებული ადგილების შედეგად სენატში უმრავლესობა დაიბრუნა.

წინასწარი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" 100-წევრიან სენატში 52 წარმომადგენელი ეყოლება. დღეს სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, წინასწარი შედეგებით 435-წევრიან პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 218 მანდატია საჭირო. CNN-ის ცნობით, ამ დროისთვის დემოკრატებს 188, ხოლო რესპუბლიკელებს 207 წარმომადგენელი ჰყავთ.