აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმიანებიან გავრცელებულ ცნობებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ. შესაბამისი განცხადება პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კერძოდ, მას ჟურნალისტმა აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სტუმრობის შესახებ დაუსვა შეკითხვა.

„რაც შეეხება საქართველოს, ამ ბრიფინგის ოთახში ცოტა ხნის წინ მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომელთაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ.

როდესაც საქმე ამ კონკრეტულ კანონს (ე.წ. "აგენტების კანონს") ეხება, თქვენ მოისმინეთ, როგორც ჩემგან, ისე მეთიუსგან იმ ბევრი საკითხის შესახებ, რომელიც გვაქვს და მოისმინეთ იმის შესახებ, რომ მიგვაჩნია, რომ ეს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და გვაქვს სხვა საკითხები, რომლებსაც, ეჭვი არ გვეპარება, რომ მათთან აუცილებლად განვიხილავთ“, - განაცხადა პატელმა.