საქართველოს პარლამენტმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომას უმასპინძლა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„დღევანდელ სამყაროში, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ცვლილებები, გაურკვევლობები და დაყოფა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები ჩვენთვის მყარ ზნეობრივ ორიენტირად გვევლინება. ისინი გვახსენებენ ადამიანის ღირსების შეუვალობას, სოლიდარობის აუცილებლობას და რწმენის, თანაგრძნობისა და სამართლიანობის ძალას. ასამბლეა დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმაა. იგი გვაძლევს შესაძლებლობას გავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ერთად ვუპასუხოთ საერთო გამოწვევებს და დავამკვიდროთ ისეთი მსოფლიო ხედვა, სადაც რწმენა და გონება, ტრადიცია და თანამედროვეობა, ერთმანეთს ავსებს და არა ეწინააღმდეგებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტი ყოველთვის იქნება თქვენი პარტნიორი იმ ინიციატივებში, რომლებიც ემსახურება მშვიდობის, დემოკრატიისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი.

ასამბლეის სხდომაზე ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს. საუბარი შეეხო განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.   მონაწილეებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 33-ე გენერალური ასამბლეის ორგანიზების საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც 2026 წლის 17–21 ივნისს ჰელსინკიში გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლებმა.