პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრს იმრან ხანს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების საქმეზე 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ხანი, რომელიც 2022 წელს გადააყენეს, უკვე იხდის სამწლიან სასჯელს კორუფციის საქმეზე. ყველა ბრალდებას ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ახალი განაჩენი საყოველთაო არჩევნებამდე, სადაც ხანს მონაწილეობა ეკრძალება, ერთი კვირით ადრე გამოიტანეს. სპეციალურმა სასამართლომ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ხანის პარტიის ვიცე-თავმჯდომარეს, შაჰ მაჰმუდ ქურეშის ასევე 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ე.წ. შიფრის საქმე ეხება საიდუმლო დიპლომატიურ მიმოწერას, რომელიც ვაშინგტონში პაკისტანის ელჩმა ისლამაბადში გაგზავნა იმ დროს, როდესაც ხანი პრემიერმინისტრი იყო. 2022 წლის მარტში მიტინგზე გამოსვლის დროს ხანი სცენაზე ფურცლებს აფრიალებდა და ამტკიცებდა, რომ ეს მის წინააღმდეგ უცხოური შეთქმულების მომზადებას ამტკიცებდა. ერთი თვის შემდეგ პრემიერმინისტრს, რომელი წარსულში კრიკეტს პროფესიონალურად თამაშობდა, ოპოზიციამ უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა და გადააყენა.
პროკურატურის განცხადებით, ხანის ქმედება საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვასა და დიპლომატიური ურთიერთობების დაზიანებას უტოლდება.
საქმეს რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალურ სასამართლოში განიხილავდნენ, რომელიც ციხის ტერიტორიაზე შეიქმნა, სადაც ხანი სასჯელს იხდის. პროცესზე საერთაშორისო მედია არ დაუშვეს. ადგილობრივი მედია კი წერდა, რომ სასამართლოს საქმის განხილვის დაჩქარებისკენ მოუწოდეს.