ასეთი განცხადება თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ოზგიურ ოზელმა, ანკარაში აშშ-ის ელჩისა და სირიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ტომ ბარაკის ანტალიაში გამოსვლაზე კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკელმა დიპლომატმა ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი, რამაც იმუშავა, ძლიერი რეჟიმებია: ან კეთილმოსურნე მონარქიები, ან კონსტიტუციური მონარქიის ტიპის სტრუქტურები. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ძალას სცემენ პატივს და დემოკრატიამ კრახი განიცადა.
ბარსელონაში, ფორუმზე „გლობალური პროგრესული მობილიზაცია“, მყოფ თურქეთის „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ოზგიურ ოზელს ჟურნალისტებმა ტომ ბარაკის მიერ ანტალიაში ნათქვამი სიტყვის შესახებ აზრი ჰკითხეს.
„ანტალიაში, რომელსაც ათათურქი მსოფლიოს ულამაზეს ქალაქს უწოდებდა, ქვეყანაში, დაარსებულში ქემალ ათათურქის მიერ, რომელმაც მონარქია უარყო და დამოუკიდებლობისთვის ომის შემდეგ თურქეთში დემოკრატია მოიტანა, სრულიად მიუღებელია ჩასვლა და დემოკრატიის კრიტიკა და ამის პარალელურად, მონარქიის ქება.
ამ მომენტიდან ტომ ბარაკი თურქული დემოკრატიის თვალსაზრისით არასასურველი ადამიანია, არასასურველი პიროვნებაა, პერსონა ნონ გრატაა და ამ მომენტიდან ჩვენ ტომ ბარაკს არასასურველ პიროვნებად ვაცხადებთ თურქეთის რესპუბლიკაში“ - უპასუხა ოზგიურ ოზელმა.
მისი თქმით, სრულიად მიუღებელია ლაპარაკი, რომ აქ ძალიან ბევრი დემოკრატიაა, ამ რეგიონში მუშაობს მონარქია და ძლიერი ლიდერობა, ადამიანის უფლებები და ა.შ. გვჭირდება, მაგრამ მონარქიები არ უნდა გავაკრიტიკოთ და ძლიერ მმართველობას დემოკრატია უნდა შევწიროთ.
„თუ ტომ ბარაკი ამ სიტყვებს უკან არ წაიღებს და თურქეთის რესპუბლიკას და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ბოდიშს არ მოუხდის, მას აქ ეს თანამდებობა ერთი წუთითაც არ უნდა ეკავოს“, - განაცხადა თურქეთის „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა.




