ჰოლივუდის მსახიობი ორლანდო ბლუმი კიევში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ბლუმი UNICEF-ის კეთილი ნების ელჩია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, ბლუმი აპირებს მხარი დაუჭიროს ჰუმანიტარული დახმარებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენის პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია უკრაინელი ბავშვების ინტერესების უზრუნველყოფაზე.

„უკრაინაში ვიზიტის დროს ორლანდო ბლუმი ჩავიდა კიევსა და ირპინში, ასევე სოფელ დემიდოვში, სადაც ნახა ომის საშინელი შედეგები, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია ჩვენს ქვეყანაში გრძელდება“, - წერს ერმაკი.

მანამდე, ორლანდო ბლუმი UNICEF-ის ცენტრში ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და ოჯახებს შეხვდა.

„დღეს შესაძლებლობა მქონდა მომესმინა უკრაინელი ბავშვების სიცილი UNICEF-ის ცენტრში, უსაფრთხო, თბილ და მზრუნველ სივრცეში ბავშვებისთვის, სადაც ისინი თამაშობენ, სწავლობენ და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ... უკრაინაში ბავშვებს ბავშვობის დაბრუნება სჭირდებათ" - წერდა მსახიობი.