გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 14 აპრილს ეწვევა.
ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, რათა განიხილონ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
ვიზიტის დროს შოლცთან ერთად იქნებიან გერმანიის ფედერალური მთავრობის რამდენიმე მინისტრი და გერმანიის ინდუსტრიის წარმომადგენლები. მოსალოდნელია, რომ ოლაფ შოლცი ეწვევა ქალაქ ჩონცინგს და სიტყვით გამოვა შანხაის უნივერსიტეტში.
16 აპრილს დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან ლი ციანთან და ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან. სავაჭრო საკითხების გარდა, მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომიც.
„ვფიქრობ, ჩინეთს აქვს გავლენა რუსეთზე და ჩვენ გვსურს, რომ ჩინეთმა შეძლოს და გამოიყენოს ის გავლენა, რაც მას აქვს“, – განაცხადა გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფან გებესტრაიტმა.
გერმანიის კანცლერად არჩევის შემდეგ, ეს ოლაფ შოლცის მეორე ვიზიტი იქნება ჩინეთში.