ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების ტელეგრამის არხებზე დაყრდნობით, სააგენტო „ფრანს-პრესი" ავრცელებს
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ სამხრეთ უკრაინაში შაბათს განაცხადა, რომ ქალაქი ნოვა კახოვკა უკრაინული ძალების „ინტენსიური საარტილერიო დარტყმების" ქვეშ მოექცა, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა.
საოკუპაციო ხელისუფლებამ მოუწოდა ქალაქის მოსახლეობას „შეინარჩუნონ სიმშვიდე“ და განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის სამუშაოები დაიწყება „დაბომბვის შეწყვეტის შემდეგ“.
საარტილერიო დაბომბვა მოხდა იმავე დღეს, როდესაც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონით თავდასხმა მოხდა საწვავის რეზერვუარზე სევასტოპოლში.
ნოვა კახოვკა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონის რეგიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იგი მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონს ზემოთ (დნეპრის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით). ხერსონიდან რუსეთი გასული წლის ნოემბერში გავიდა, ნოვა კახოვკა კი ომის დაწყების პირველი დღიდანაა ოკუპირებული.