The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ბერლინში გამართული შეხვედრების დროს შეიმუშავეს, მოიცავს უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული ძალების განთავსებას, ამერიკული დაზვერვის გამოყენების გაფართოებასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას.
NYT-ის წყაროების თქმით, 15-16 დეკემბერს გამართულ შეხვედრებზე ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა, რომლებიც უკრაინულ დელეგაციას ხვდებოდნენ, ძირითადად კეთილგანწყობით მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც აღწერილია ორ დოკუმენტში. ერთ-ერთ მათგანში ახსნილია ზოგადი პრინციპი. მედიის წყაროების ცნობით, საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი იქნება.
მეორე დოკუმენტი ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა აღწერეს, როგორც სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია უფრო ზუსტი დეტალები. აქ ახსნილია როგორ ითანამშრომლებენ ამერიკული და ევროპული ძალები უკრაინის არმიასთან, რათა რუსეთის მორიგი პოტენციური თავდასხმა თავიდან აირიდონ.
ჯერჯერობით არც ერთი დოკუმენტი არ გასაჯაროებულა. NYT-ის წყაროები ამბობენ, რომ თანამშრომლობის დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე კონკრეტულ გეგმას, რომლის მეშვეობითაც რუსეთის თავდასხმის სცენარის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერა მოხდება. ერთ-ერთი ანონიმური წყაროს მტკიცებით, დოკუმენტი "ძალიან სპეციფიკურია", თუ როგორ უნდა აირიდონ თავიდან შესაძლო შემოჭრა და როგორ დასაჯონ მოსკოვი, თუ ამას მაინც გააკეთებს.
დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის არმიის რაოდენობა "სამშვიდობო დროის დონეზე" 800 000 ჯარისკაცამდე განისაზღვრება. NYT-ი წერს, რომ ომის დროს ეს რიცხვი 900 000-მდეა გაზრდილი.
დოკუმენტში ასევე გაწერილია დეტალები ევროპის მეთაურობით განლაგებულ ძალებზეც, რომლებიც უკრაინას ცისა და ზღვის დაცვაში დაეხმარებიან. ანონიმურმა წყაროებმა ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე უარი თქვეს და არ ისურვეს დაესახელებინათ, თუ რომელი ქვეყნები არიან მზად სამხედროების განსათავსებლად. ამ ძალების განთავსება დასავლეთ უკრაინაში იგეგმება, ცეცხლის შეწყვეტის ზონიდან მოშორებით.








