ასეთი განცხადება ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ შვედეთის სახელმწიფო რადიოსამაუწყებლო კომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა, - იუწყება შვედური პორტალი aftonbladet.
„შვედეთის რადიოს" საინფორმაციო გამოშვება ექოსთვის მიცემულ ინტერვიუში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორე რუსეთთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
„როცა შესაძლებლობა მოგვეცემა, უნდა დავფიქრდეთ, რომ რუსეთი - პუტინი არ არის. პუტინი რუსეთში სამუდამოდ ვერ იქნება."
პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოხატა შეშფოთება ევროპის შესახებ დისკუსიებიდან რუსეთის ამორიცხვის გამო, თუმცა ნათლად მიანიშნა, რომ მომავალი თანამშრომლობა მხოლოდ პუტინის რეჟიმის შემდეგ შეიძლება მოხდეს.
„მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი ხალხთა თანამშრომლობის და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე" - თქვა იონას სტორემ.
შაბათის ინტერვიუში იონას გარ შტორე მიესალმა ფინეთის ნატოში გაწევრიანებისადმი თურქეთის მხარდაჭერას და გამოთქვა რწმენა, რომ ივლისში, ნატოს სამიტზე ვილნიუსში, შვედეთი გახდება ნატოს წევრი.
იონას გარ სტორე იმედოვნებს, რომ ნორვეგიის ფინეთთან და შვედეთთან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება მას შემდეგ, რაც ისინი შეუერთდებიან ნატოს.
ახლა, როცა კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან გაცივდა და უახლოეს ლ წლებში ნაკლებად აქტიური იქნება, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის სიგნალია, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ თანამშრომლობის ინტენსივობა შვედეთთან და ფინეთთან - ამბობს იონას გარ სტორე.
ქვეყნების უმეტესობის მიერ რუსეთიდან გაზის იმპორტის შეწყვეტის ან შეზღუდვის ფონზე ნორვეგიამ თავის როლი გაზარდა და როგორც მოცულობის, ისე ფასის ზრდის ხარჯზე, გასულ წელს უზარმაზარი მოგება მიიღო. კლიმატის შესახებ გაეროს ბოლო ანგარიშის თანახმად, მსოფლიო პარიზის შეთანხმების შესრულებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მკვეთრად შეამცირებს გაზების ემისიას. რამდენ ხანს აპირებს ნორვეგია ნავთობისა და გაზის მოპოვების გაგრძელებას?
კიდევ ორიოდე ათწლეული. ზუსტი საბოლოო თარიღის დადგენა არაა აქტუალური, - უპასუხა პრემიერ-მინისტრმა.
„შვედეთის რადიომ" ინტერვიუ შაბათის საინფორმაციო გამოშვებისთვის გუშინ, ოსლოში, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ჩაიწერა.
61 წლის მილიონერი იონას გარ სტორე ლეიბორისტული პარტიის ლიდერია. იგი პრემიერ-მინისტრი გასული წლის სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციის გამარჯვების შედეგად გახდა.