ირანის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ დადგა დრო, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანაზე ვიმუშაოთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და ირანის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა. ამის შემდეგ ლიდერებმა რამდენიმე მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ირანის პრეზიდენტის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს.

მისი თქმით, სომხეთმა და ირანმა საზღვარზე მეორე ხიდის მშენებლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

„სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ირანთან სტრატეგიულ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მთავრობების აქტიური ძალისხმევის წყალობით, შევძლებთ ახალი ერთობლივი პროგრამების განხორციელებას ჩვენი სახელმწიფოების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, მასუდ პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ ირანი სომხეთთან ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარებას ცდილობს.

„ირანი ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარებასა და სტრატეგიულ დონეზე აყვანას ცდილობს. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის დონის ამაღლება, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში“, – განაცხადა პეზეშკიანმა.

ამასთან, როგორც პეზეშკიანმა განაცხადა, ირანი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. როგორც ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ირანისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია.

„სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ირანისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია და ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ირანის პოზიციაა, რომ კავკასიაში საზღვრები არ შეიცვალოს, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა გეოპოლიტიკური შეჯიბრის მიზეზი გახდეს“, – განაცხადა პეზეშკიანმა.

მისივე თქმით, ირანი მშვიდობასა და სიმშვიდეს უსურვებს მეზობლებს, განსაკუთრებით სომხეთს.

„ჩვენ ყოველთვის ვიცავდით სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ჩვენი პოლიტიკაა და ჩვენ წინააღმდეგი ვართ რეგიონში ნებისმიერი ძალის გამოყენების“, – აღნიშნა პეზეშკიანმა.

ირანის პრეზიდენტის თქმით,  სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემები რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაჭრან და არარეგიონული ძალების ჩარევამ შეიძლება, კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია.

თარგმანი: პირველი არხი