დღეს, ხან იუნისში, ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, 20 პალესტინელი, მათ შორის 4 ჟურნალისტი დაიღუპა.

ღაზის სექტორში ნასერის საავადმყოფოზე სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც 20 პალესტინელი დაიღუპა, 50 კი დაშავდა, მსოფლიო ისრაელის მიმართ კრიტიკის ტალღა აგორდა.

მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტანკმა გადამღებ კამერას ცეცხლი გაუხსნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც სავარაუდოდ „ჰამასს“ ეკუთვნოდა.

გამოცემა „ჰაარეტცის“ თქმით, ასეთი ვერსია მალევე დადგა ეჭვქვეშ, რადგან ხან იუნისის ტერიტორია სავსეა სათვალთვალო კამერებით და ამიტომ გაურკვეველია, თუ რატომ განადგურდა ეს კონკრეტული კამერა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაახლოებით ორი საათის წინ პლატფორმა X-ზე დაწერა:
 
„ისრაელი ღრმად ნანობს დღეს ღაზის სექტორში „ნასერის“ საავადმყოფოში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს. ისრაელი აფასებს ჟურნალისტების, სამედიცინო პერსონალის და ყველა მშვიდობიანი მოქალაქის მუშაობას.

სამხედრო ხელისუფლება საფუძვლიან გამოძიებას ატარებს. ჩვენ ომს ვაწარმოებთ ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ. ჩვენი სამართლიანი მიზანია „ჰამასის“ დამარცხება და მძევლების სახლში დაბრუნება“.

თავდაპირველად ოთხი ჟურნალისტის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით, ზოგიერთმა მედია განაცხადა, რომ დაიღუპა არა ოთხი, არამედ ხუთი ჟურნალისტი.