ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ "სასტიკ ფსიქოლოგიურ მანიპულაციას" უწოდებს "ჰამასის" მიერ მომზადებულ და გავრცელებული ვიდეოს, სადაც მძევლები ისრაელის პრემიერ-მინისტრს გათავისუფლებას სთხოვენ და მას აკრიტიკებენ.
ნეთანიაჰუმ მძევლებს სახელებით მიმართა.
"ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია "ჰამასის" და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ", - თქვა პრემიერმა.
პრემიერმა თქვა, რომ სრულ ნდობას უცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის მიდგომას.
"ჰამასის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში სამი მძევალი ქალი ისრაელის პრემიერ-მინისტრს მიმართავს:
"23 დღეა, "ჰამასის" ტყვეობაში ვიმყოფებით. გუშინ მძევლების ოჯახებთან ერთად პრესკონფერენცია იყო. ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო და ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ. თქვენ აიღეთ ვალდებულება, რომ ყველას გაგვათავისუფლებდით".
მძევლები პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ, რომ მან 7 ოქტომბრის თავდასხმა თავიდან ვერ აიცილა.