NBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი ალასკის შტატში, სადაც პუტინისა და ტრამპის შეხვედრა იგეგმება, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას განიხილავს.

"ეს განიხილება". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

NBC-სთან საუბრისას ანონიმურმა წყაროებმა თქვეს, რომ ჯერჯერობით შეხვედრის დაგეგმვა არ დასრულებულა და გარკვეული არ არის, მიწვეული იქნება თუ არა ზელენსკი ალასკაში შეხვედრისთვის. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, რომ ეს "აბსოლუტურად" შესაძლებელია და "ყველა იმედოვნებს, რომ ეს მოხდება".

"პრეზიდენტი ღია რჩება ორივე ლიდერთან სამმხრივი სამიტისთვის. ამ მომენტისთვის თეთრი სახლის ყურადღება პრეზიდენტი პუტინის მიერ მოთხოვნილი ორმხრივი შეხვედრის დაგეგმვაზეა მიმართული". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ NBC-სთან საუბრისას.

NBC-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ზელენსკი პუტინთან ერთად ერთ ოთახში იმ შემთხვევაში, თუ ალასკის შტატში ჩავა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდგომ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 15 აგვისტოს ალასკის შტატში პუტინს შეხვდება.