მოსკოვში, ურალის რეგიონის ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიჰლინსკი დააკავეს და ეკატერინბურგში, საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
რუსული მედიის ცნობით, შიჰლინსკის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: მკვლელობისა და სახელმწიფო მოხელის მიმართ ძალადობის მუხლებით.
ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაჰინ შიჰლინსკიზე ძებნა გამოაცხადა.
ივლისის დასაწყისში შაჰლინსკი რუსმა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
16 ივლისს ეკატერინბურგის სასამართლოს ბრძანებით შაჰლინსკის შვილი დააკავეს. მას ბრალად ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობა ედება.
ბაქოსა და მოსკოვს შორის ბოლო დიპლომატიური ესკალაცია 27 ივნისის შემთხვევას მოჰყვა. ამ დღეს რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში პოლიციამ ეთნიკურად აზერბაიჯანელების წინააღმდეგ რეიდი ჩაატარა. დააკავეს რამდენიმე პირი. ორი მათგანი ძმები, ჰუსეინ და ზიადდინ საფაროვები დაკავების დროს მოკვდნენ. რამდენიმე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი დღის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღკვეთეს "ეთნიკური დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა".