რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC.news ავრცელებს.
„ტერორისტებს ესმით მხოლოდ საპასუხო ტერორი. არავითარი სასამართლო პროცესი და გამოძიება არ დაგვეხმარება, თუ ძალას ძალის გამოყენებით არ დავუპირისპირდებით.
თუ დადგინდება, რომ ისინი არიან კიევის რეჟიმის ტერორისტები, შეუძლებელია მათთან სხვაგვარად მოქცევა. ყველა მათგანი უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს, როგორც ტერორისტები. მათ შორის იმ სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი სისასტიკე. სიკვდილი სიკვდილის წილ“,- აცხადებს მედვედევი.
შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა, სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 40-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.