აშშ-ს ახალარჩეულმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ პირველი კომენტარები გააკეთა.

"ჩვენ გვსურს, რომ ომი დასრულდეს. ეს სრულიად ცხადია. პრეზიდენტმა (დონალდ ტრამპი) ისაუბრა იმის შესახებ, რომ სურს იყოს პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას და ასრულებს კონფლიქტებს, და ეს მარტივი არ იქნება". – თქვა რუბიომ.

აშშ-ს ახალმა სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს. მისი თქმით, ორივე მხარემ "რაღაც უნდა დათმოს", ეს ნებისმიერი კონფლიქტის დარეგულირების ბუნებრივი ნაწილია.

რუბიოს არ დაუზუსტებია თუ რა დათმობაზე მოუწევს წასვლა უკრაინას:

"წინასწარ საუბარს არ ვაპირებთ, მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები, ამხელა ფსონებით, არა საჯაროდ, არამედ დიპლომატიური გზებით უნდა იწარმოოს. და თავისთავად ცხადია, როგორც უკრაინულმა, ისე რუსულმა მხარემ საბოლოო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ".

შერიგებისკენ მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფო მდივანმა საუბრისას რუსეთს აგრესორი უწოდა:

"ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. საგარეო პოლიტიკის სირთულე სწორედ ამაში გამოიხატება".