NATO საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს "ყურადღებით და გარკვეული შეშფოთებით" აკვირდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
კერძოდ, მას ჟურნალისტმა შემდეგი კითხვით მიმართა: "რა თქმა უნდა, NATO არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ის ასევე არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია. ამ კონტექსტში როგორ შეაფასებდით ასპირანტ ქვეყანაში – საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს? მსურს ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელის საქმე. იგი ერთ თვეზე მეტია, ციხეში შიმშილობს. და ბოლოს, ასევე, როგორ ხედავთ სამომავლო და არსებულ თანამშრომლობას ალიანსსა და საქართველოს შორის სამხედრო თვალსაზრისით?".
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ რუტემ შემდეგი განაცხადა:
"აქამდე უკვე გავაკეთე კომენტარი საქართველოს არჩევნების შედეგებზე და ასევე ჩვენს სურვილზე, რომ საქართველო დარჩეს NATO–სა და ევროკავშირისკენ გზაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაში. მაგრამ, ვფიქრობ, თავი უნდა შევიკავო ყოველ ჯერზე ამის გამეორებისგან, ვინაიდან, უკვე გავაკეთე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით და გარკვეული შეშფოთებით ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, შეგიძლიათ, დარწმუნებულები იყოთ'.