NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ამ ეტაპზე არ განიხილება. რუტემ ეს განცხადება Fox News-ის ეთერში გააკეთა.

ამის ნაცვლად, მიმდინარეობს დისკუსიები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე, რაც NATO-ს კოლექტიური თავდაცვის წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი იქნება.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და რამდენიმე სხვა ქვეყანა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია, თუმცა 2024 წლის სამიტის შემდეგ NATO-ს ოფიციალური პოზიციაა, რომ უკრაინისთვის ალიანსისკენ მიმავალი გზა შეუქცევადია.

"ჩვენ აქ რაზედაც ვსაუბრობთ, არ არის NATO-ს წევრობა. რასაც განვიხილავთ, ეს არის მეხუთე მუხლი, ანუ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ტიპი", - განაცხადა რუტემ.