თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის 28 თებერვალს მომხდარ შელაპარაკებას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვაც.

აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "ნეონაცისტური რეჟიმის ლიდერის ვ. ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი კიევის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს".

რუსეთის წარმომადგენელი დაეთანხმა დონალდ ტრამპს და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შეპყრობილია ომის გაგრძელებით, ხოლო რუსეთს მშვიდობის დამყარება სურს იმ პირობებით, რომლებიც მისი დაწყებისას დააყენა.

"დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში, რომელიც კიევის რეჟიმისთვის სულ უფრო უარესდება, ამ ფიგურას პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლენა არ შეუძლია და ამიტომ ის ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი, მშვიდობის უარყოფით, რაც მისთვის სიკვდილის ტოლფასია. როგორც აქამდე, ჩვენ გამოვდივართ იმ წინაპირობიდან, რომ ნამდვილი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კრიზისის ძირითადი მიზეზები სრულად იქნება აღმოფხვრილი. შესაბამისად, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ისევე როგორც "ადგილზე" არსებული რეალობის აღიარება, რუსეთის უცვლელ მიზნებად რჩება. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას კიევი და ცნობილი ევროპული დედაქალაქები, უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა უფრო ახლოს იქნება", — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.