ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, "თუ საქართველოს სურს, დარჩეს ევროპულ გზაზე, არ შეიძლება, მეორე ფეხი მოსკოვში ჰქონდეს". ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს ორი მთავარი გზავნილი აქვს:
"ჩვენ აქ მოვედით ხალხისადმი მხარდაჭერის ცხადი გზავნილით, რომ ევროპა თქვენთან არის და გვაქვს მეორე გზავნილი მთავრობისადმი: ჩვენ ვერ მოგვატყუებთ, რომ კანონს რაიმე საერთო აქვს გამჭვირვალობასთან".
როგორც მან აღნიშნა, მთავრობას კიდევ აქვს შანსი, რომ გაიწვიოს "აგენტების კანონი".
"ვერ შეცვლით იმას რაც ფუნდამენტურად მცდარია. არ მჯერა, რომ ჩვენნაირი ქვეყნები შეუერთდებოდნენ ევროკავშირს, ასეთი კანონები რომ გვქონოდა. მთავრობას კიდევ აქვს შანსი, რომ გაიწვიოს კანონი", – განაცხადა მან.
ამასთან, მან სუვერენიტეტის საკითხზეც ისაუბრა:
"სუვერენიტეტზე იყო კითხვები... აზერბაიჯანი არის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთ–ერთი ქვეყანა. არავინ ახდენს ზეგავლენას აზერბაიჯანზე მიიღოს რაიმე კანონი, მაგრამ თუ ქვეყანა გადაწყვეტს ევროკავშირისკენ სვლას, არსებობს კონკრეტული ვალდებულებები", – დასძინა მან.