ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შეაფერხებს საქართველოს პროგრესს NATO-სა და ევროკავშირის გზაზე. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"გამძლეობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა ძალადობის და პროპაგანდის მიუხედავად, მათ დააფიქსირეს მათი ევროპული ასპირაციები. თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ყველა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. მე მჯერა, რომ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს.
ჩვენი მთავარი ამოცანა, რატომ ვიმყოფებით დღეს აქ, არის ის რომ გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის, რადგან საქართველო იბრძვის დემოკრატიისთვის და მათი ევროპული მომავლისთვის. ეს მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნეს ვინმეს მიერ ხელყოფილი. ჩვენი მეორე ამოცანაა, რომ გავუგზავნოთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ამ გზაზე სვლას, ამას გარკვეული შედეგები ექნება. საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი მიღწევები ნახა, კანდიდატის სტატუსი იყო ამის მტკიცებულება.
არის რიგი რეკომენდაციები, რომლის შესრულება ევალება საქართველოს. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაღებული ამ ყველაფრისთვის და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიძლება იქნეს განადგურებული.
ძალიან ცალსახად მინდა, გითხრათ, ეს კანონპროექტი და ზეწოლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს პროგრესს შეაფერხებს NATO-სა და ევროკავშირის გაერთიანების გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა სტრასბურგში მის განცხადებაში: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი" - დიახ, თქვენ ხართ!", - განაცხადა ლანდსბერგისმა.