ახალი კვლევით დადგინდა, რომ პლასტმასის ბოთლებში მოთავსებულ წყალში მოსალოდნელზე მეტი მიკროპლასტმასაა. ნაშრომი ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა ახალი ოპტიკური ტექნიკა შექმნეს, რომელსაც წყალში პლასტმასის ნაწილაკების აღმოჩენა უპრეცედენტო სიზუსტით შეუძლია. მისი გამოყენებით მკვლევრებმა პლასტმასის ბოთლებში მოთავსებული წყალი შეისწავლეს, რომელიც მაღაზიებში იყიდება.

შედეგად დაადგინეს, რომ ასეთ წყალში ლიტრზე საშუალოდ 240 ათასი პლასტმასის ნაწილაკი იყო გაფანტული. წინა კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 10.4 ნაწილაკი იყო.

გარდა ამისა, პლასტმასის ნაწილაკთა 10% მიკროპლასტმასა (ნაწილაკები, რომელთა ზომაც ხუთი მილიმეტრიდან ერთ მიკრომეტრამდე მერყეობს), დანარჩენი 90% კი — ნანოპლასტმასა. ეს მიკროპლასტმასებზე კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებია, რომელთა დასანახადაც საკმაოდ ძლიერი და დახვეწილი მიკროსკოპია საჭირო.

როგორც მკვლევრები ამბობენ, განსაკუთრებით სახიფათოა ნანოპლასტმასები, რადგან ისინი გაცილებით მცირე ზომისაა.

ნანოპლასტმასებს შეუძლია, ჩვენს უჯრედებსა თუ ორგანოებში შეაღწიოს. მეტიც, მათ შეიძლება პლაცენტის ბარიერიც კი გადალახოს და ნაყოფშიც მოხვდეს. არსებობს რისკიც, რომ ამ ნაწილაკებმა ორგანიზმში საზიანო ქიმიკატები დატოვოს და ამით არაერთი სისტემის ფუნქციონირებას შეუშალოს ხელი.

აქამდე უცნობი იყო, რომ ნანოპლასტმასები წყალში ასეთი გავრცელებულია. შესაბამისად, შესაძლოა, ჯანმრთელობის მხრივაც არსებობდეს ისეთი რისკები, რომლებიც ჯერ უმეტესად შეუსწავლელია.