ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ერთის მხრივ, უარყოფს თეირანის მონაწილეობას "ჰამასის" თავდასხმაში, მიესალმება ისრაელის "გამოუსწორებელ სამხედრო და სადაზვერვო მარცხს".

თავდასხმის შემდეგ თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში ხამენეიმ განაცხადა, "ჩვენ ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც გეგმავდა თავდასხმას სიონიზმის რეჟიმზე".

"ამ დამანგრეველმა მიწისძვრამ გაანადგურა რამდენიმე კრიტიკული სტრუქტურა, რომელთა აღდგენა ადვილი არ არის... ამ კატასტროფაში თავად სიონისტური რეჟიმის ქმედებებია დამნაშავე", - თქვა ხამენეიმ.

ირანი არ აღიარებს ისრაელის არსებობას და რამდენადაც ცნობილია, მატერიალურად უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

"ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.