ორშაბათს, დილის 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რიიგიკოგუს კორუფციასთან ბრძოლის სპეციალური კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა და კომიტეტის წევრი დეპუტატებს კითხვებს პასუხობდა.

სპეციალური კომიტეტის სხდომაზე კაია კალასმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი მეუღლის ბიზნესსაქმიანობის დეტალების შესახებ მხოლოდ წინა ორშაბათს, პრესაში გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ შეიტყო.

ჩემს ქმარს „რუსული ბიზნესი“ არ აქვს. მათ (Stark Logistics-ს - „აიპრესი")  ომამდე ჰქონდათ ძალიან მცირე მოცულობის რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესი, ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ კი შეაჩერეს მიწოდება რუსეთში და განაგრძეს ფირმაში უდიდესი წილის მქონე პარტნიორის დახმარება. მათ არ ჰყავთ რუსი კლიენტები, არ ტოვებენ იქ ევროს, რუბლს, დოლარს, არაფერს ყიდულობენ იქ და არაფერს ყიდიან. ფაქტობრივად, არანაირი რუსული ბიზნესი არ არსებობს და ამასთან, ეს მე არ მეხება, რადგან ფული ვასესხე Novaria Consult-ს და არა Metaprint-ს და Stark Logistics-ს, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.


კითხვაზე, როდის მისცა მან სესხი Novaria Consult-ს, კალასმა თქვა, რომ ზუსტად ვერ იტყვის, ხოლო კითხვაზე, ეს იყო 2022 წელს თუ 2023 წელს, კალასმა უპასუხა:

„რადგან სხვადასხვა რამეში მადანაშაულებთ, ვერ გავრისკავ და ახლა ვერ გაგცემთ პასუხს. მინდა დარწმუნებული ვიყო, რათა შემდეგ არ თქვან, რომ მოვიტყუე". 

კომიტეტის თავმჯდომარემ მარტ ჰელმემ განაცხადა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით, კალასმა სესხი მისცა კომპანიას, რომელიც  2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ აწარმოებდა ბიზნესს რუსეთთან და ამიტომ კომისიას ამ საკითხზე განმარტება სურს.

გარდა ამისა, სხდომაზე კალასმა აღნიშნა, რომ მას 350 ათასი ევროს გარდა Novaria Consult-ზე გასესხებული ჰქონდა 22 ათასი ევრო, ეს სესხი ჯერ არ იყო დაფარული და დეპუტატებმა ამ საკითხზედაც მოისურვეს ინფორმაციის მიღება.

კომიტეტს სურს გაარკვიოს, გამოიყენებოდა თუ არა ნასესხები ფული რუსეთში შემოსავლის მისაღებად. „ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ არაფერი დაგიშავებიათ", - განუცხადეს პრემიერ-მინისტრს დეპუტატებმა და ჰკითხეს, შეეძლო თუ არა მას ეჩვენებინა მათთვის სესხის ხელშეკრულება.

„ვალდებული ვარ, რომ გაჩვენოთ სესხის ხელშეკრულება? მინდა ვიცოდე, რამდენად შორს მიდის ეს კითხვა. შემდეგ ჯერზე ბანკის მთლიან ამონაწერსაც ხომ არ მომთხოვენ? მსურს ვიცოდე, რა დარჩა გაურკვეველი საჯარო ინტერესების დეკლარაციაში, რომელიც მე წარვადგინე და იყო ძალიან გამჭვირვალე. ღია და გულწრფელი ვიყავი და დასამალი არაფერი მქონდა", - უპასუხა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა:

„მინდა, რომ ყველა სხვას თანაბრად მომექცნენ. გასაგებია, მეუბნებიან, რომ ჩემს მიმართ უფრო მაღალი სტანდარტებია წაყენებული, ვიდრე სხვების, მაგრამ არ მგონია, ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაექვემდებაროს ზუსტად იგივე მოთხოვნებს"

მისი თქმით, თუ მას მოეთხოვება საბანკო ანგარიშების წარდგენა, ასევე უნდა მოეთხოვებოდეს რიიგიკოგუს ყველა წევრს.

საღამოს პრემიერ მინისტრმა კაია კალასმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მეუღლის ბიზნესპარტნიორთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მის წინააღმდეგ გაჩაღებულმა კუდიანებზე ნადირობამ ყოველგვარ ასატან ზღვარს გადააჭარბა.

გამიკვირდა, როცა რიიგიკოგუს სპეციალური კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მკითხეს ჩემს მეუღლესთან სესხის ხელშეკრულების დადების ზუსტი თარიღი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა კავშირშია ეს იმის ჩვენებასთან, რომ დასამალი ნამდვილად არაფერი მაქვს, კომისიის წევრებს ახლახან გავუგზავნე კონტრაქტი და ორი დანართი. ვდგამ რა ამ ნაბიჯს, სრულად ვაცნობიერებ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაკვირვებულები დარჩებიან, მაგრამ არ შეჩერდებიან. რაც არ უნდა ვუპასუხო, ისინი ძველი გრამოფონის ფირფიტის ჩანაწერის მსგავსად მუდმივად გაიმეორებენ, რომ ჩემი პასუხები მათ არ აკმაყოფილებთ. სამწუხაროდ, მე მათთვის არ მაქვს უფრო უკეთესი პასუხი, ვიდრე პატიოსნება  და გამჭვირვალობაა. ამიტომ ვიწინასწარმეტყველებ, რომ ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც იყო, რადგან ამ წუთებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თამაშის ერთადერთი მიზანი კუდიანებზე ნადირობაა. ოპოზიციამ უკვე დიდი ხანია გამომიტანა განაჩენი და ფაქტები და მტკიცებულებები მათთვის მხოლოდ ხელის შემშლელია.   











რიიგიკოგუს საშემოდგომო სესიის დაწყების გამო საპარლამენტო თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ მას ერჩივნა პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სკანდალის დაწყებისთანავე გადამდგარიყო.

პირადად მე ვისურვებდი, რომ პრემიერ-მინისტრი გადამდგარიყო მოვლენების სერიის დაწყებისთანავე. ეს დაზოგავდა მას, მის ახლობლებს, მთავრობის ეფექტურობას და სანდოობას, ესტონეთის პრესტიჟს, მაგრამ ასეთ ვითარებაში ყველამ თავად უნდა აწონ-დაწონოს მორალური პრობლემები და მიიღოს გადაწყვეტილება, - განაცხადა პრეზიდენტმა.