ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„უნგრეთი ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც, როტაციული პრინციპით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არ გულისხმობს ევროკავშირის გარე წარმომადგენლობას, ეს არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურების დონეზე, ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მინისტრთა დონეზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან მოსკოვში ვიზიტის მანდატი არ მიუღია.
„ევროკავშირის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით აისახება ევროპის საბჭოს არაერთ დასკვნაში. ეს პოზიცია გამორიცხავს ოფიციალურ კონტაქტებს ევროკავშირსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. ამრიგად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს“, – განაცხადა ბორელმა.