დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე ვლადიმირ პუტინი მასშტაბური სარაკეტო დარტყმით ემუქრებოდა. ამის შესახებ ჯონსონმა BBC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"რაღაც მომენტში ის თითქოს დამემუქრა და მითხრა - ბორის არ მინდა გატკინოთ, მაგრამ რაკეტით ეს მხოლოდ ერთ წუთს წაიღებს",- თქვა ჯონსონმა.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, პუტინის ფრაზას წინ უძღოდა მისი გაფრთხილება, რომ უკრაინაში შეჭრას რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. ჯონსონის თქმით, პუტინი ცდილობდა, რომ ის მოლაპარაკებებზე დაეყოლიებინათ.

ჯონსონი ამბობს, რომ ცდილობდა პუტინისთვის განემარტა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ, ხოლო ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი საკუთარ საზღვრებთან 'მეტ ნატოს' მიიღებდა.