აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 4 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ "აშშ-ის მხრიდან ღაზაში მიმდინარე ომში ისრაელის სამომავლო მხარდაჭერა დამოკიდებულია ახალ ნაბიჯებზე სამოქალაქო პირების და ჰუმანიტარული მუშაკების დასაცავად". ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"ჯო ბაიდენმა განუმარტა ისრაელს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის, ჰუმანიტარული ტანჯვისა და დამხმარე მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია", – აცხადებენ თეთრ სახლში.
ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდასხმებს ღაზაში საკვებით დახმარების ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა.