რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის უნივერსიტეტებში მიმდინარე სტუდენტთა პროპალესტინურ საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
ჯო ბაიდენის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების დროს ორმა ფუნდამენტურმა ამერიკულმა პრინციპმა გაიარა გამოცდა.
პირველი არის სიტყვის თავისუფლების, მშვიდობიანად შეკრების და ხმის მიწვდომის მცდელობის უფლება, მეორე - კანონის უზენაესობა. ორივე უნდა იყოს მხარდაჭერილი, - თქვა ბაიდენმა.
„ჩვენ არ ვართ ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც ხალხს ვაჩუმებთ ან სხვაგვარად მოაზროვნეებს ვდევნით." ფაქტობრივად, მნიშვნელოვან პრობლემებზე მშვიდობიანი პროტესტით რეაგირება ამერიკელთა საუკეთესო ტრადიციებშია, მაგრამ ჩვენ არ ვართ კანონის არმქონე ქვეყანა. „ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება და წესრიგი უნდა ბატონობდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ხშირად შევჯახებივართ ასეთ მომენტებს, რადგან ჩვენ დიდი, მრავალფეროვანი, თავისუფლად მოაზროვნე და თავისუფლებისმოყვარე ერი. ასეთ დროს ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც ესწრაფვიან პოლიტიკური ქულების მოპოვებას, მაგრამ ახლა პოლიტიკის დრო არ არის. ახლა სიცხადეა საჭირო, - თქვა ბაიდენმა და დასძინა:
ამრიგად, ნება მომეცით ვიყო ცხადი. მშვიდობიანი პროტესტია დაცული ამერიკაში და არა ძალადობრივი პროტესტი. ძალადობა ეწინააღმდეგება კანონს.
ქონების განადგურება არ არის მშვიდობიანი პროტესტი. ეს უკანონოა.
ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამტვრევა, შენობაში შეჭრა, სასწავლო პროცესის შეწყვეტის იძულება - არცერთი არ წარმოადგენს მშვიდობიანი პროტესტს.
ხალხის მიმართ მუქარა, ხალხის დაშინება, შიშის დანერგვა - არ არის მშვიდობიანი პროტესტი. ეს უკანონოა.
განსხვავებული აზრი დემოკრატიისთვის აუცილებელია, მაგრამ განსხვავებულ აზრს არასოდეს არ უნდა მოჰყვეს არეულობა ან სხვათა უფლებების უარყოფა.
როგორც პრეზიდენტი, მე ყოველთვის დავიცავ სიტყვის თავისუფლებას და მე ყოველთვის ვიქნები ასეთივე შეუვალი კანონის უზენაესობის დაცვაში.
ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა ამერიკელი ხალხის წინაშე და ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება.
კითხვაზე, თვლის თუ არა იგი საჭიროდ ეროვნული გვარდიის ჩარევას, პრეზიდენტმა უპასუხა: არა
ამერიკული პრესის ინფორმაციით, გუშინ, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში პოლიციელებმა, რომლებსაც ბრონეჟილეტები ეცვათ, თავზე ჩაფხუტები ჰქონდათ დამაგრებული და ხელში ფარები ეკავათ დაშალეს ბარიკადები და დააკავეს 209 კაცი. აღნიშნავენ, რომ პოლიციამ დემონსტრანტთა დაშლის და დაკავების მომენტში რეზინის ტყვიები გამოიყენა.
სულ, პრესის ცნობით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში პოლიციამ 2100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.