რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ აქტივისტები, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სენატში მოსმენის შეწყვეტას ცდილობენ, შესაძლოა, დააპატიმრონ.

„მე პირველი შესწორების (გამოხატვის თავისუფლების) მხარდამჭერი ვარ, თუმცა დემონსტრანტებს არ აქვთ უფლება, შეაფერხონ კომიტეტის მნიშვნელოვანი საქმიანობა“, – განაცხადა რიშმა Breitbart News-თან ინტერვიუში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა აღნიშნა, რომ კოლუმბიის ოლქის კოდექსის თანახმად, მას უფლება აქვს, არა მხოლოდ გააძევოს აქტივისტები დარბაზიდან, არამედ ადგილზევე დააკავებინოს ისინი კაპიტოლიუმის პოლიციას.

„რესპუბლიკელები აკონტროლებენ კონგრესსა და აღმასრულებელ შტოს. კანონი და წესრიგი დაბრუნდა აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში“, – განაცხადა რიშმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრობდა, როდესაც ორმა აქტივისტმა ამერიკის პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოსვლა შეაწყვეტინა. ისინი ღაზაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის მიმართ მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. ორივე პირი დარბაზიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა.

თარგმანი: პირველი არხი