ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ცახალის" იერიშს ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალი მოჰამად ჰოსეინ ბაღერი შეეწირა. ლიკვიდირებულია ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" გვარდიის მთავარსარდალი, გენერალი ჰოსეინ სალამიც. ისრაელის არმიის დარტყმის შედეგად, მოკლულია 2 ფიზიკოსი, რომელიც ბირთვულ პროგრამას ხელმძღვანელობდა.

ღამით ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამას დაარტყა. მასშტაბური აფეთქებებია ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში და სამხედრო ბაზებზე, ბირთვულ ობიექტებზე, ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და ცენტრებზე სადაც მეცნიერები ატომურ პროგრამაზე მუშაობდნენ.

ინფორმაციას "ცახალი" ადასტურებს, ოპერაცია ხორციელდება კოდური სახელწოდებით "აღმავალი ლომი". ისრაელის არმიაში ირწმუნებიან, რომ ირანს საკმარისად აქვს გამდიდრებული ურანი, იმისთვის, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში 15 ბირთვული ბომბი შექმნას. ისრაელის განმარტებით, დარტყმის მიზეზი ირანიდან მომდინარე ბირთვული საფრთხეა. ოფიციალური თელ-ავივის განმარტებით, დარტყმები ერთი ტალღით არ შემოიფარგლება და ეტაპობრივად განხორციელდება.

პარალელურად, ისრაელში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა: შეჩერებულია სასწავლო პროცესი, ყველა საწარმოს მუშაობა, გარდა სიცოცხლისთვის აუცილებელი ობიექტებისა. დაიხურა ქვეყნის საჰაერო სივრცე.