როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირეს, ჩვენ იგივე მიზანი გვაქვს – ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გახსნას ჰორმუზის სრუტე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ვადეპულის თქმით, არაღჩისთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი მხარს უჭერს „მოლაპარაკებით მიღწეულ გადაწყვეტას“.

„როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირეს, ჩვენ იგივე მიზანი გვაქვს: ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გახსნას ჰორმუზის სრუტე“,- წერს ვადეპული სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის დაძაბულობა გაიზარდა. გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ“, საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი „საშინლად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მას „არაფერი ესმის“. ამის შემდეგ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა, დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტი იქნება.