სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და NATO-ს – არა, უფრო საშიშია, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგი Telegraph-თან ინტერვიუში ამბობს, NATO აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა უფრო მეტი ბირთვული იარაღი განათავსოს რუსეთისა და ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე.
მსოფლიოსთვის ბირთვული არსენალის ჩვენებით კი, NATO-ს გენერალური მდივნის აზრით, პირდაპირ მესიჯი უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგეებს.
ასევე, როგორც ინტერვიუდან ირკვევა, NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რაკეტების საცავიდან გამოღებისა და მზადყოფნაში მოყვანის შესახებ.
„მე არ შევალ ოპერაციულ დეტალებში, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ ბირთვული გამჭვირვალობა უნდა იყოს NATO-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა ალიანსი მოემზადოს უფრო საშიში სამყაროსთვის.
„გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. NATO-ს მიზანი არის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ იქამდე, ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და NATO-ს – არა, უფრო საშიშია“, – აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი.