„ჰამასმა“ ისრაელის კიდევ 14 მოქალაქე და 3 უცხოელი მძევალი გაათავისუფლა, – იუწყება ისრაელის არმია.
თავის მხრივ, „ჰამასი" აცხადებს, რომ მათ "წითელ ჯვარს" ისრაელის 13 მოქალაქე, ტაილანდის სამი მოქალაქე და ერთი რუსი გადასცა.
როგორც ებრაული მედია იუწყება, რუსი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია.
ამასთან ისრაელი ადასტურებს, რომ სანაცვლოდ 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
აღნიშნული გაცვლა რიგით მესამეა. მანამდე, 24 ნოემბერს „ჰამასმა“ 25 მძევალი, მათ შორს ტაილანდის 12 და ისრაელის 13 მოქალაქე გაათავისუფლა, სანაცვლოდ ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. 25 ნოემბერს „ჰამასმა“ ისრაელის 13 და ტაილანდის 4 მოქალაქე "წითელი ჯვრის" თანამშრომლებს გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 39 პალესტინელი გაათავისუფლა.
ყველა მათგანი „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს შეიპყრეს. საერთო ჯამში, ისრაელზე თავდასხმის დროს ექსტრემისტებმა 240-მდე მძევალი აიყვანეს.
კატარის შუამდგომლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში ისრაელის 50 მოქალაქეს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები სრულად იქნება შეწყვეტილი, ხოლო ღაზას სექტორში დღეში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე დაახლოებით, 200 სატვირთო შევა.