საქართველოს მხარდაჭერა ისრაელისადმი არის ძალიან ძლიერი, მადლიერები ვართ, რომ საქართველო ჩვენს გვერდზე დგას, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა.
საქართველოს მხარდაჭერა ისრაელისადმი არის ძალიან ძლიერი. პირველი დღიდანვე იქნა გამოხატული, როგორც წერილობითი, ისე საჯარო სოლიდარობა. ასევე სოლიდარობა იქნა გამოხატული კერძო შეხვედრებზე, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და სხვა მინისტრებთან თუ პარლამენტის სპიკერთან. მადლიერები ვართ, რომ საქართველო ჩვენს გვერდზე დგას როგორც პოლიტიკურ, ისე ოფიციალურ თუ მეგობრულ დონეზე.
დღეს კანცლერი შოლცი ვიზიტით ჩადის ისრაელში, ველოდებით ხვალ პრეზიდენტ მაკრონისა, პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტს. ისრაელში მსოფლიო ლიდერების ჩასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ძალიან მკაფიო გზავნილია, რომ ისრაელი არ არის მარტო ტერორიზმის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში. მსოფლიო მხარს გვიჭერს. ამ მომენტისთვის მოკლულია დაახლოებით 1 400 ისრაელელი და შესაძლოა, ეს რიცხვი ჯერ არ იყოს საბოლოო.
ომი გაგრძელდება, მე-11 დღეა, რაც ისრაელი დარტყმებს ახორციელებს ღაზის სექტორში სამხედრო სამიზნეებზე. ჩვენი სამიზნე არის "ჰამასის" ხელმძღვანელობა, "ჰამასის" ინფრასტრუქტურა, მათი გვირაბები და ყველაფერი, რაც "ჰამასს" ისრაელის და ასევე ღაზის მოსახლეობის დატერორების საშუალებას აძლევს. ეს გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც ამისთვის საჭირო იქნება, რათა აღმოიფხვრას ის საფრთხე, რომელსაც „ჰამასი“ წარმოადგენს ისრაელის ხალხისთვის და ასევე ვიტყოდი, რომ მსოფლიოს მოსახლეობისთვის, რადგან "ჰამასის" წარმომავლობა არის იგივე, რაც არის "ისლამური სახელმწიფოსი“, საუბარია რადიკალურ, ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე," - განაცხადა ჰადას მეიცადმა.