24 ივნისის ღამეს, რუსეთმა სუმის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი 8 წლის ბიჭი.
"გასულ ღამეს მტერმა ვერხნესიროვატის სათვისტომოზე მზაკვრული იერიში მიიტანა. რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები მაშინ გამოიყენა, როდესაც მოსახლეობას ეძინა". – განაცხადა სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ოლეგ გრიგოროვმა.
გრიგოროვის თქმით, ოკუპანტებმა იერიში მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ სექტორზე მიიტანეს. შედეგად გაჩნდა ხანძარი, დაინგრა შენობები.
8 წლის ბავშვის გარდა, რუსული იერიშის შედეგად კაცი და ქალი დაიღუპა.
გარდა ამისა, ნანგრევებიდან ამოყვანილია 3 ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა.