გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული უარყოფს რუსეთის ბრალდებას, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის უპილოტო აპარატების წარმოებაში ინვესტიციის ჩადების შესახებ ომის წაქეზებაა.
„თუ ვინმეს არ აქვს უფლება ისაუბროს ომის წაქეზებაზე, ეს არის ბატონი პესკოვი, რადგან ის და მისი რეჟიმი არა მხოლოდ სიტყვიერად აკეთებენ ამას, არამედ რეალურად მონაწილეობენ უკანონო ომში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ამიტომ ჩვენ მისგან არაფერს არ ვისწავლით.
ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს უკრაინის გვერდით დგომით. ფედერალური მთავრობა პასუხისმგებლობით მოქმედებს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აძლევს ქვეყანას მოქმედების საშუალებას. ეს ომი შეიძლება დაუყოვნებლივ დასრულდეს იმ პირობით, რომ რუსეთი შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს, რაც რეალურად იქნებოდა ომის წაქეზებაზე უარის თქმა. რაც შეეხება უკრაინას, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო პოზიცია გვაქვს. ახლა უნდა მოიძებნოს მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტა. რუსეთს კი მოვუწოდებთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“,- განაცხადა იოჰან ვადეპულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპელები, ამერიკელებთან ერთად, ერთგულნი არიან ირანის ბირთვული შეიარაღების თავიდან აცილებისთვის მოლაპარაკებითი გადაწყვეტილების მიღწევაში.
„ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ირანის ბირთვული შეიარაღების მოლაპარაკებით გადაწყვეტისთვის. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მივიჩნევთ, რომ ყველა ჩართულმა მხარემ იცის, რომ ეს არის საუკეთესო გზა ამ საშიში კონფლიქტის ან მოახლოებული კონფლიქტის მოსაგვარებლად“, – განაცხადა ვადეპულმა.
ცნობისთვის, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფრიდრიხ მერცის განცხადება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესახებ ომის გაგრძელებას იწვევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი აღნიშნა, რომ „გერმანიის პირდაპირი ჩართულობა ომში უკვე აშკარაა“.
თარგმანი: პირველი არხი