გერმანიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ვუპერტალში, 17 სექტემბერს, დღისით, ბერგის სინაგოგის გვერდითი შესასვლელის კიბეზე ხანძარი გაჩნდა. "ცეცხლის ჩაქრობა სინაგოგის თანამშრომლებმა ძალიან სწრაფად შეძლეს", — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. არავინ დაშავებულა, მატერიალური ზიანი კი მცირე აღმოჩნდა. გამოძიებაში სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეთა ქვედანაყოფი ჩაერთო.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი 37 წლის ავღანეთის მოქალაქეა. ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის უკვე ცნობილია და, პირველადი მონაცემებით, მარტო მოქმედებდა.

პოლიციის ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 14:00 საათზე მამაკაცმა კარის წინ მდებარე საფეხურებზე აალებადი სითხე გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. კონკრეტულად რა სითხე იყო ეს, შეტყობინებაში არ არის დაკონკრეტებული.

ბერგის სინაგოგა 2002 წელს გაიხსნა. გერმანიის ებრაელთა ცენტრალური საბჭოს მონაცემებით, ვუპერტალის ებრაულ რელიგიურ თემში 2 ათასზე მეტი ადამიანი შედის.