ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პორტალი yle წერს.
ფინური სახელმწიფო კომპანია Gasum Oy რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომიდან ერთი წლის შემდეგაც კი ისევ აგრძელებს რუსული გაზის შესყიდვას და ამას იმით ამართლებს, რომ გრძელვადიანი ხელშეკრულება ნებისმიერ შემთხვევაში ავალდებულებს გადახდას, - წერს yle და აღნიშნავს, რომ გაზი ფინეთის საზღვრიდან 80 კმ-ის დაშორებით მდებარე პორტიდან შედის ფინეთში, პორტს კი 2019 წლის აგვისტოში პუტინის მიერ საზეიმოდ გახსნილი ქარხნიდან მიეწოდა.
ფინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის Gasum-ის მიერ რუსეთისგან გაზის შესყიდვით ფინანსურ სარგებელი აქვს ორმაგი, რუსეთის და ფინეთის მოქალაქეობის მქონე, პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფ, ევროკავშირის და აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოს. yle-ს თქმით, Gasum-მა 2019 წლიდან ტიმჩენკოს ნაწილობრივ საკუთრებაში არსებული კომპანიის ქარხანაში გათხევადებული 730 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების გაზი შეიძინა და შესყიდვა 2022 წლის თებერვლის შემდეგაც არ შეწყვეტილა. საბაჟოს მონაცემებით ომის დაწყების შემდეგ Gasum-ს რუსეთიდან მინიმუმ 175 მილიონი ევროს ღირებულების გაზი აქვს შეძენილი.
Gasum Oy ამბობს, რომ არ აქვს პირდაპირი კონტაქტები ტიმჩენკოს Novatek-თან და მის შვილობილ კომპანიებთან, „გაზპრომთან" კი გრძელვადიანი ხელშეკრულება დადებული პრინციპით „წაიღე ან გადაიხადე" და ეს ნიშნავს, რომ ვალდებულია ყოველწლიურად გადაიხადოს გარკვეული რაოდენობა თხევადი გაზის საფასური, მიუხედავად იმისა, რეალურად მიიღებს თუ არა მას რუსეთიდან.
Gasum-ის თქმით, მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ხელშეკრულების შეწყვეტისა და არბიტრაჟისთვის წასვლისთვის, საკუთრების უფლებებზე პასუხისმგებელმა მინისტრმა ტიტი ტუპურაინენმა კი ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს რუსეთიდან თხევადი გაზის შესყიდვები.
ევროკავშირს არ აუკრძალავს ბუნებრივი აირის ან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვა რუსეთიდან, თუმცა წევრმა ქვეყნებმა რუსეთთან ენერგოდამოკიდებულების აღმოფხვრის მიმართულებით გადადგეს ნაბიჯები.
კითხვებს, არის თუ არა პრობლემური, რომ შესყიდვებს ფინანსური სარგებელი მოაქვს ომით განადგურებული რუსეთის ეკონომიკისთვის და ირიბად ასევე გენადი ტიმჩენკოსთვის, რომელიც პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია და სანქციების ქვეშ იმყოფება, Gasum-მა არ უპასუხა, - წერს yle.