ფინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ალექსანდრ სტუბმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ორ ქვეყანას შორის ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ.

ხელშეკრულება 10 წლით მოქმედებს. ის მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის პოლიტიკურ მხარდაჭერას, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების და ქვეყნის რეფორმისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერას. „ათწლიანი შეთანხმება არის ფინეთის გრძელვადიანი ვალდებულების დადასტურება უკრაინის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ფინეთი გააგრძელებს უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას, ისევე როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას „იგივე დინამიკით, როგორც სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის დაწყებიდან, ვიდრე საჭირო იქნება“.

სტუბმა ასევე განუცხადა ზელენსკის, რომ ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის კიდევ ერთ პაკეტს გაუგზავნის, რის შემდეგაც კიევისთვის ჰელსინკის დახმარების ჯამური თანხა 2022 წლიდან 2 მილიარდ ევროს მიაღწევს.

„ფინეთის მიერ 30 მილიონი ევროს შეტანის წყალობით ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვით, ფინეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ 2024 წელს უკვე აღემატება 400 მილიონ ევროს და გაიზრდება კიდევ სულ მცირე ორი პაკეტით წლის განმავლობაში“, - ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.