ამის შესახებ დღეს ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპული კომისიის პრეზიდენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო წლებში ევროკავშირმა შეცვალა მიდგომა დასავლეთ ბალკანეთის მიმართ.
„ჩვენ მივხვდით, რომ საკმარისი არ არის, უბრალოდ ველოდოთ დასავლეთ ბალკანეთის ჩვენთან დაახლოებას. საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ კარი ღიაა. ჩვენ ასევე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ყველანაირი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენი კავშირისკენ მომავალ გზაზე. სწორედ ამიტომ შევქმენით დასავლეთ ბალკანეთის განვითარების გეგმა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სწორედ ამიტომ მივიღეთ ვალდებულება იგივე გაგვეკეთებინა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინამ გაატარა შთამბეჭდავი რეფორმები და მხოლოდ ერთ წელიწადში უფრო მეტი პროგრესია მიღწეული, ვიდრე მიღწეული იყო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
საჭიროა შემდგომი პროგრესი, თუმცა, ქვეყანა აჩვენებს, რომ შეუძლია დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმები და მოქალაქეების ჩვენი ოჯახის წევრად გახდომის სურვილი. „ბოსნია და ჰერცეგოვინის მომავალი დამოკიდებულია ჩვენს კავშირზე" - თქვა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა.
"Bosnia and Herzegovina is showing that it can deliver on its membership criteria, and on its citizens' aspiration to be part of our family.
— European Commission (@EU_Commission) March 12, 2024
This is the reason why today, we will decide to recommend to the Council to open accession negotiations with Bosnia and Herzegovina."
—… pic.twitter.com/AO9heTd46w
„ევრონიუსი" აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ ევროპული კომისიის რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში ბოსნია და ჰერცეგოვინა შეძლებს მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე გადასვლას, მაგრამ ეს მოლაპარაკებები იქნება მხოლოდ დასაწყისი ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პროცესისა, რომელსაც შესაძლოა წლები დასჭირდეს, სანამ ქვეყანა გახდება სრულუფლებიანი წევრი.
ვარაუდობენ, რომ ამ კვირაში ევროპული კომისია ასევე წარადგენს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტს, რომელიც ასევე საჭიროებს ევროკავშირის ლიდერების თანხმობას, - წერს „ევრონიუსი"